გამოცემები

pic_53084591515049200801272748

წინათქმა

წიგნი ეძღვნება სულიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას საქართველოში – ზარზმის მონასტერს, დაარსებულს IX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის მიერ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. გადმოცემულია მისი ისტორია დაარსებიდან დღემდე; საგანგებოდაა განხილული ზარზმის სამონასტრო ანსამბლის ხუროთმოძღვრება და დეკორი; შესწავლილია მისი ეპიგრაფიკა; გაანალიზებულია ზარზმიდან გამოსული ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები, ზოგ შემთხვევაში სრულიად უნიკალური საოქრომჭედლო ძეგლები, დადგენილია მათი სტილი და შესრულების მანერა. ცალკე ადგილი ეთმობა ზარზმის გუმბათოვანი ეკლესიის ფრესკებს, რომელთა მკითხველისათვის მისაწოდებლად რედაქტორთა მიერ განსაკუთრებული ფორმა გამოინახა – გამოსახულება უტექსტოდ. ვიმედოვნებთ, წინამდებარე გამოცემა ინტერესს აღუძრავს ხელოვნებათმცოდნეთა, კერძოდ, კედლის მხატვრობის სპეციალისტთა, ახალ თაობებს ამოხსნან ზარზმის ფრესკების საიდუმლოებანი. გამოცემაში გაანალიზებულია სერაპიონ ზარზმელის “ცხოვრების” ტექსტი მრავალი ასპექტით: წყაროთმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი, სახისმეტყველებითი და სხვა. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა “ცხოვრების” რუსულ თარგმანს, რომელიც გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს კორნელი კეკელიძეს ეკუთვნის; მეცნიერებაში პირველად გამოვლინდა ის ნიუანსური განსხვავებანი, რომელიც დედანსა და თარგმანს შორის არსებობს, საჭირო გახდა საკითხის ქრისტიანობის განვითარების ისტორიის, ძველი ბერძნული და ბიზანტიური რიტორიკის, ბიზანტიური ესთეტიკისა და პოეტიკის, მთელი ქართული ორიგინალური და თარგმნილი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ფონზე განხილვა; მეცნიერებაში მიკვლეულ ბიბლიურ პასაჟებს დაემატა 20 ახალი პასაჟი. სულ თხზულების ტექსტი 66 პასაჟს შეიცავს, ამათგან 26 ძველი აღთქმისაა, 40 – ახლისა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ძველაღთქმისეული პასაჟების გამოყენების სიუხვით აღნიშნული “ცხოვრება” ყველა სხვა ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს უნდა აღემატებოდეს; რომ ბასილი ზარზმელის ან მისი თხზულების რედაქტორისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო კლიმენტი ალექსანდრიელის შრომები, მით უმეტეს, ტრაქტატი “რომელი მდიდარი ცხონდება?”; რომ თხზულებაში წინა პლანზეა წამოწეული პავლე მოციქულისეული “ნამეტნავთა შეზავების” პოლიტიკა; რომ ძეგლი რიტმული პროზის ნიმუშია. ამ მხრივ მაგალითად მოყვანილია ე.წ. შესხმა-მიმართვის ფორმით დაწერილი ქება წმიდანისა, სავსე რიტორიკული ფიგურებით. ამ და სხვა უამრავ საკითხს მკითხველი პირველად გაეცნობა წინამდებარე გამოცემაში; აღნიშნულია, რომ თხზულება ავლენს მისი შემქმნელისა თუ გადამკეთებლის ღრმა განსწავლულობას ბიზანტიურ სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური, რელიგიური და ლიტერატურული პროცესებისა. სიამოვნებით ვამცნობთ მკითხველს, რომ ამგვარი, სრული მრავლისმომცველი ილუსტრირებული გამოცემა ზარზმის შესახებ პირველად ხორციელდება.

1

ბროშურა

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი

3

ზარზმის ფერისცვალების ხატი

ზარზმის ფერისცვალების ხატი