1
Zarzma - მთავარი

მიტროპოლიტი თეოდორე

მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
ერისკაცობაში – დიმიტრი ამირანის ძე ჭუაძე
დაიბადა: 1967 წლის 11 აპრილს, ქ. სიღნაღში.
ანგელოზის დღე: დიდი მარხვის I შაბათი – დიდ მოწ. თეოდორე ტირონის ხსენების დღე
ბერად აღკვეცა: 22. 02. 1991
დიაკვნად კურთხევა: 02. 04. 1991
მღვდლად კურთხევა: 08. 09. 1991
ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 10. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 09. 2003
მიტროპოლიტობა ებოძა: 30. 04. 2006


მიტროპოლიტი თეოდორე, ერისკაცობაში დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე, დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს ქ. სიღნაღში. 1974 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თელავში. 1984 წელს მან დაამთავრა თელავის N4-ს საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1986-1988 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წელს ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 22 თებერვალს საფარის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარმა სერგიმ (ამჟამად მიტროპოლიტი) მორჩილი დიმიტრი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თეოდორე. 1991 წლის 2 ივნისს, სიონის საკათედრო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი თეოდორე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 8 სექტემბერს – მღვდელ-მონაზვნად. 1992 წელს დაინიშნა საფარის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1993 წლის 12 ივლისს მღვდელ-მონაზონ თეოდორეს მიენიჭა იღუმენის, ხოლო 1996 წლის 26 ოქტომბერს – არქიმანდრიტის წოდება.

1996 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი თეოდორე ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხა.

1998 წლის ნოემბრიდან მეუფე თეოდორე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველია. 2003 წლის მარტიდან 2004 წლის 4 ივნისამდე ეპისკოპოსი თეოდორე საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, 2004 წლის 4 ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორია. 2005 წლის თებერვლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 2003 წლის დეკემბერში ეპისკოპოს თეოდორეს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2006 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2007 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი თეოდორე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე თეოდორეს მოღვაწეობა უხდება ერთ-ერთ რთულ რეგიონში, სადაც ისტორიული ძნელბედობის გამო მართლმადიდებელი ქართველების გარდა ცხოვრობენ კათოლიკე ქართველები, მონოფიზიტი სომხები, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია გამაჰმადიანებული ჩვენი თანამოძმენი მიტროპოლიტ თეოდორეს ძალისხმევით ეპარქიაში სიმშვიდეა და ადგილი არ აქვს რელიგიურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე თეოდორე მონაწილეობს საერთაშორისო ქრისტი¬ანულ ფორუმებში.

მეუფე თეოდორემ მრავალი სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად არაერთხელ იმოგზაურა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, მოილოცა ხანძთა, შატბერდი, პარხალი, წყაროსთავი, იშხანი, ხახული… შეხვდა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს.

ეპარქია

ტერიტორიულად ყველაზე ვრცელი ეს ეპარქია მოიცავს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს. მასში შედის ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები და თურქეთის შემადგენლობაში არსებული ისტორიული ქართული პროვინციები - ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, კოლა და არტაანიდა. მართალია, ნომინალურად, მაგრამ სამართლიანად, ისტორიულ მიწა-წყალზე ახალციხის მღვდელმთავრის იურისდიქცია ვრცელდება 2002 წლის 17ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდმა განაჩინა, რომ ახალციხის ეპარქიას ეწოდოს ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპარქია და აღდგეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ისტორიულ საზღვრებში. ეპარქია დღეს აერთიანებს ყოფილი აწყურის, წურწყაბის, იშხანის, ბანას, ანჩის, ერუშეთის, ტბეთის, ახიზის საეპისკოპოსოებს, საფარის, ზარზმის, ვარძიის, ოპიზის, შატბერდის, ხახულის, ხანძთის და სხვა საარქიმანდრიტოებს(მონასტრებს).

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (სამცხე-საათაბაგოს,ჯავახეთის, ტაო-კლარჯეთ-შავშეთის) ერთ-ერთ უმთავრეს ეპარქიას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა წმ. მოციქულ ანდრიას მიერ დაარსებული აწყურის საეპისკოპოსო, რომლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი, სასწაულმოქმედი ხატი. აწყურის უძველესი საეპისკოპოსო გაუქმდა თურქთა მძლავრობის დროს XVII საუკუნის ბოლოს. იგი, სახელწოდებით, მაგრამ უფრო გაზრდილი ტერიტორიით, აწყურის ეპარქია აღდგა 1917 წელს და ამ სახელწოდებით იარსება 1981 წლამდე. 1981 წელს ეპარქიას ეწოდა ახალციხისადა მესხეთ-ჯავახეთის ეპარქია, ხოლო 1995 წელს ეპარქია გაიყო ორად -ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიებად.

წარსულში დღევანდელი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული საეპისკოპოსო და სამონასტრო ცენტრები ამავდროულად წარმოადგენდნენ ქართული მწიგნობრობის მძლავრ კერებს. აქ საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველი მწერლები, მთარგმნელები, კალიგრაფიები. ამავედროს, ეს ტერიტორია ყველაზე მეტად დაზარალდა უცხოელ დამპყრობთაგან - XVI საუკუნის მეორე ნახევარში ის სრულიად მოწყდა საერთო ქართულ ორგანიზმს და დაიწყო ამ მხარის გეგმაზომიერი ისლამიზაცია. ცხადია, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეკლესია-მონასტრები. თითქმის ყველა საეპისკოპოსო მოიშალა, უეპისკოპოსოდ და ხშირად უმღვდლოდ დარჩენილ ქრისტიანულ ქართულ მოსახლეობაში ქადაგება დაიწყეს კათოლიკე მისიონერებმა და, მოგვიანებით, სომეხმა მონოფიზიტებმა. სარწმუნოების შეცვლამ გამოიწვია ქართული მოსახლეობის დაყოფა თათრებად (გამამადიანებული ქართველები), ფრანგებად (გაკათოლიკებული ქართველები) და სომხებად (გამონოფიზიტებული ქართველები).სარწმუნოებრივ აღრევას მოყვა ეთნიკური აღრევა და ეს ერთ დროს აყვავებულიდა მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე კუთხე, რომელსაც ახალციხის საფაშო ეწოდა, უცხო ტრადიციისა და ეთნოკულტურის მხარედ იქცა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში კომუნისტური რეჟიმის დროსაც. მართალია, 1917 წელს აღდგა აწყურის ეპარქია, მაგრამ მმართველი მღვდელმთავრები მხოლოდ ნომინალურად ატარებდნენ მაწყვერელი ეპისკოპოსის ტიტულს. ეკლესიური ცხოვრების აღორძინება იწყება XX საუკუნის 70-იანიწლების ბოლოდან - აქ მღვდელმთავრობდნენ ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე), მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 1998 წლიდან დღემდე ეპარქიისმმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).

XX საუკუნის 80-იან წლებამდე ეპარქიაში არ იყო მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია. მეუფე თეოდორემ სახელოვნად განაგრძო და განვრცო ის ღვაწლი, რომელიც დაიწყეს მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), მეუფე სერგიმ (ჩეკურიშვილი), მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

1998-დღემდე - ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.

არქიმანდრიტი ნიკოლოზი

ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი

ერისკაცობაში – ვლადიმერ გეწაძე
დაიბადა: 1977 წლის 1 ივნისს, ქ. ქუთაისში.
ანგელოზის დღე: 19 დეკემბერი და 22 მაისი
ბერად აღკვეცა: 27.04.2000
დიაკვნად კურთხევა: 01. 04. 2001
მღვდლად კურთხევა: 02. 11. 2003
იღუმენი: 30.06.2008
არქიმანდრიტი: 13.06.2011


არქიმანდრიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ვლადიმერ გეწაძე, დაიბადა 1977 წლის 1 ივნის ქ. ქუთაისში. 1995 წელს მან დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა, 1995 – 1998 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1998 წელს დარჩა საფარის წმიდა საბა განწმენდილის მამათა მონასტერში, სადაც 2000 წელს მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ მონოზონმა არსენმა (ასანიძე) აღკვეცა ბერად. 2001 წელს ეპისკოპოსმა თეოდორემ აკურთხა დიაკვნად. 2003 წელს ეპისკოპოსმა თეოდორემ აკურთხა მღვდელ მონოზვნად და ამავე წელს დაინიშნა ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2008 წელს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, 2011 წელს კი არქიმანდრიტის ხარისხში. 2017 წლიდან აგრეთვე არის მოხის წმინდა ანდრია პირველწოდებულის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

მონასტერი

ზარზმის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე სამცხეში, სოფელ ზარზმაში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში. ზარზმის მონასტერი დაარსა, ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა, წარმოშობით კლარჯმა, რომლის ცხოვრებაც აღწერა მწერალმა და საეკლესიო მოღვაწემ ბასილ ზარზმელმა ცნობილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ ღმერთ - შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი”. სერაპიონ ზარზმელისა და მისი ძმის მიერ მონასტრის დაარსების სურვილს, მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი, მათ გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა, ამიტომაც ეწოდა ზარზმა, რადგან ხალხი „ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”. მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს . აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. თავდაპირველ ეკლესიას დღემდე არ მოუღწევია, ის ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს. დასაწყისში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. თარიღი დგინდება მის სამხრეთის კედელზე განლაგებული ქტიტორთა წარწერებით. ფრესკაზე წარმოდგენილნი არიან სამცხის ძლიერების შემქმნელნი: სარგის I, სამცხე-საათაბაგოს პირველი დამოუკიდებელი მმართველი, შემდეგ მისი ძე ბექა I, რომელიც მამაა სარგის II-ისა და ყუარყუარასი. გამოდის, რომ აქ სამი თაობაა წარმოდგენილი, მათი ზეობის წლების მიხედვით ტაძარი აგებულია XIII საუკუნის ბოლო წლებსა და 1308 წელს შორის (ბექას გარდაცვალება) შორის. ამ თარიღს ადასტურებს ძეგლის სტილისტიკური მონაცემებიც.

უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X საუკუნის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა ბიზანტიის მეფეთა დასახმარებლად. "მე, ივანე ძემან სულისამან, აღვაშენე წმიდაი ეგუტერი" (სამლოცველო)~, წერს ლაშქრობის მონაწილე, რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონია ზარზმასთან, "მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა". ივანე სულისძის წარწერა მოწმობს, რომ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ზარზმა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

1577 წელს ზარზმის ახალმა მფლობელებმა-ხურციძეებმა ზარზმის ეკლესიის მხატვრობა ნაწილობრივ ახლით შეცვალეს, სამრეკლოს ღია პირველი სართული იოანე მახარებლის ეკლესიად გადააკეთეს და ტაძრის კარიბჭე გადატიხრეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა ჭედურ ნივთებსაც სწირავდნენ ეკლესიას, ზრუნავდნენ მისი მორთვა-მოკაზმვისათვის. ხურციძეთა მშენებლობა უკანასკნელი თავია ძველი ზარზმის ისტორიაში. XVI საუკუნის ბოლოს, სამცხის სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად, ზარზმაც დაცარიელდა: "ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა".

ზარზმის მთელი ქონება - ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი, უმთავრესი წმინდათაწმინდა ზარზმისა, ფერისცვალების ხატი - გურიას გადახიზნეს და იქ, სოფელ შემოქმედში, საგანგებოდ აშენებულ ახალ ეკლესიაში დაასვენეს. ამჟამად ზარზმის გადარჩენილი განძი ხელოვნების მუზეუმში ინახება. XVIII-XIX საუკუნეებში მიტოვებული, მაჰმადიანი მოსახლეობით გარშემორტყმული ზარზმა თანდათან ინგრეოდა და ზიანდებოდა. მხატვრობა ისე გაჭუჭყიანდა, რომ XIX საუკუნის ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ შენიშნა მის კედლებზე ათაბაგთა და სხვა ისტორიულ პირთა პორტრეტები. 1905 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც მხატვრობა და სტილისტური თავისებურება შეილახა. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, რასაც ნათლად მოწმობს ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.

ზარზმაში რამდენიმე ძველი ნაგებობაა: დიდი ტაძარი და მასზე აღმოსავლეთით მიშენებული სამლოცველო, სამრეკლო და მის ჩრდილოეთის კედელს მიბჯენილი სამლოცველო; ასეთივე მცირე, ერთნავიანი სამლოცველოა ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის კუთხესთან; ორი მცირე ეკლესიის ნანგრევი ეკლესიის სამხრეთით და წყარო ტაძრის აღმოსავლეთით. სამრეკლოს დასავლეთის კედელთან მიწაში ღრმულია, ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან იწყებოდა მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი. ახლა გვირაბი მიწითაა ამოვსებული. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

ტაძარი თლილი ქვით ნაგები გუმბათიანი შენობაა. ზარზმის მსუბუქი პროპორციები და დამახასიათებელი ელემენტი აქვს. ესაა მისი სამხრეთის გალერეა – კარიბჭე. მას ძირითადი კორპუსის მთელი სამხრეთის მხარე აქვს დაკავებული. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე ჯვრის ოთხი მკლავისა და მათ შუა აღმართული გუმბათისგანაა მიღებული. ღრმა აფსიდის გვერძე სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც სწორკუთხა, უაფსიდოა. ინტერიერის საერთო გადაწყვეტიდან საინტერესო და სრულიად ორიგინალურია დასავლეთის გვერდითი ნავების ზემოთ გამართული პატრონიკე. ზარზმის ავტორს მისი ფუნქცია უარყვია და გამოყენებული აქვს მხოლოდ როგორც დეკორატიული ელემენტი. პატრონიკეები აღმოსავლეთით თითო თაღითაა ღია, ხოლო დასავლეთის მკლავისკენ – ორ-ორი თაღით. ტაძრის ფასადები რუხი ფერის თლილი ქვით მაღალი ოსტატობითაა შესრულებული. ფასადებში სიცოცხლე და სიხალისე შეაქვს ფერადოვან ქვებს. ზოგან სხვა ფერის ქვა ძირითადი ქვის ფონზეა აქა-იქ მიმოფანტული, გუმბათის ყელზე კი (სარკმლებს ზემოთ) ორგვარი ქვის ჭადრაკული წყობაა. უფრო მეტიც, გუმბათის ყელზე, ჩუქურთმის არშიებში, ფონი შეღებილია. ამის გამო, ჩუქურთმა შორიდან უფრო მკაფიოდ ჩანს. მორთულობა მხოლოდ კარ-სარკმლების ირგვლივაა თავმოყრილი. ხოლო რაც შეეხება დეკორის შესრულების ტექნიკას, იგი ორი ხერხითაა შესრულებული – უმრავლესობა ფასადის ზედაპირის ზემოთაა, დანარჩენი კი ჩაკვეთილია.

აღმოსავლეთის ფასადზე მთავარ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი მთავარი სარკმლის თავზე. ჯვრის მკლავები ფასადის თითქმის მთელ სიგანეს წვდება.

დასავლეთის ფასადზე მთავარი სარკმელი და შესასვლელი ერთ შვეულ ღერძზე არაა მოთავსებული. ეს უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრი ადვილი გასაგებია: სარკმელი ზუსტად ფასადის ზემო ნაწილის ცენტრშია მოქცეული, შესასვლელი კი ზუსტად ქვემო ნაწილის ცენტრში. ეს ნაწილი კი უფრო განიერია., რადგანაც მას მარჯვენა მხარეს სამხრეთის მინაშენის დასავლეთის კედელი ემატება. ზარზმის ტაძრის სამხრეთის ფასადი, გრძლად გაწოლილი კარიბჭე თაღებით მას სადღესასწაულო იერს ანიჭებს. ტაძარს ძალზე მოხდენილი გუმბათი ადგას. იგი თორმეტწახნაგაა და ამდენივე სარკმლის მქონეა. მაგრამ ეს მხოლოდ საერთო შთაბეჭდილებაა, სინამდვილეში მხოლოდ ექვსია ნამდვილი. გუმბათის წიბოები გამოყოფილია და წახნაგები თაღებით ცალ-ცალკეა დამუშავებული.

ზარზმის ტაძარი ამჟამად სრულიად დაუზიანებლად დგას, ხელუხლებელია მისი კედლები და სახურავი. იგი შეაკეთეს XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მაშინ აღადგინეს მისი მხატვრობაც, რომელიც ჭუჭყის ისეთი ფენით იყო დაფარული, რომ ბევრი რამ არც გაირჩეოდა. სამწუხაროდ, შემკეთებელნი მარტო გაწმენდა-გამაგრებით არ შემოიფარგლნენ, მათ განაახლეს მხატვრობა და ამან დიდი ზიანი მოუტანა მას. მიუხედავად ამისა, ზარზმის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. იშვიათია, რომ ძველ მხატვრობაში თითქმის ყველა სურათი და ყველა ფიგურა იყოს გადარჩენილი ისე, როგორც ზარზმაშია. აქ ტაძრის სრული მოხატულობა გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ზარზმის მხატვრობაში მრავალი ისტორიული პირის პორტრეტია წარმოდგენილი, გამოხატული არიან სამცხის ათაბაგები: სარგის I, მისი ძე ბექა მანდატურთუხუცესი და მისი შვილები სარგის II და ყუარყუარე, აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ხურციძეების მიერაა გაკეთებული ქვის ტიხარი ტაძრის კარიბჭეში. ეს ტიხარი კარიბჭის მარჯვენა ნაწილს გამოჰყოფს. აქაც სამლოცველო იყო გამართული. ტიხრის წარწერა იხსენიებს "ამისა აღმაშენებელსა წინამძღუარსა ხურციძესა გაბრიელს..., მისა დედასა, პატრონისა ივანეს ასულსა, გულდამ ყოფილსა გაიანეს" და "მისა მამასა, შოთა ყოფილსა შიოს". გაბრიელის მშობელთა მიერ თავის სახელთა შეცვლა ნიშნავს, რომ ისინი მონაზვნებად აღკვეცილან. ზარზმის მხატვრობის სხვა ნაწილები მთლიანად სასულიერო ხასიათისაა.

სამრეკლოს პირველი სართული, თავდაპირველად, ორმხრივ (აღმოსავლეთით და დასავლეთით) ღია იყო. ძველი თაღი, რომელიც შემდეგ ამოაშენეს, დასავლეთის მხარეს ეხლაც კარგად გაირჩევა. აღმოსავლეთით, თაღს მიშენებული (რამდენადმე წინ გამოწეული) კედელი ფარავს. ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია და უდიდესთაგანია საქართველოში. ტაძრის და სამრეკლოს საშენი მასალა და მისი დამუშავების ხასიათი ერთნაირი; მსგავსია მეორე სართულის ბოძებისა და ტაძრის სარკმელთა ჩუქურთმები. სამრეკლოს უმთავრესი დეტალია პირველი სართულის ვარსკვლავისებრი კამარა. ეს დიდი მოჩუქურთმებული "ბორბალი", რომლის მსგავსი ტაძრის კარიბჭეშიც არის, ახლა ძლივსღა ჩანს. კედლების ამოშენების შემდეგ პირველ სართულში სიბნელეა. საკუთრივ სამრეკლო მეორე სართულში იყო. ეს ღია თაღებიანი ფანჩატური შიგნით მოურთავია. ამჟამინდელი სახე სამრეკლომ 1577 წელს მიიღო. ხურციძეებმა, რომლებიც იმ დროს ზარზმის მფლობელები იყვნენ, ამოაშენეს პირველი სართულის ღია თაღები და გალავანში გასასვლელი მცირე ეკლესია-სამლოცველოდ აქციეს. მაგრამ კედლების მოჩუქირთმება მკვეთრად დაბალი ხარიახისაა, სახეები ტლანქია, კვეთა უხეში, უბრალო წესებიც კი არაა დაცული. აღმოსავლეთის კედელზე, ჯვრის ზემო კუთხეებში, ხურციძეთა დიდი წარწერაა მოთავსებული. წარწერაში ნათქვამია, რომ "წმინდა ეკლესია", ე. ი. პირველი სართულის სამლოცველო, "აღეშენა" იოანე მახარებლის სახელზე ფარსმან ხურციძის ბრძანებით.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღეს დღეობით მონსტერში მოღვაწეობს 11 ბერი:

წინამძღვარი - არქიმანდრიტი ნიკოლოზი;
მღვდელ მონოზონი - სპირიდონი;
მღვდელ მონოზონი - ბასილი;
ბერ დიაკონი - კონსტანტინე;
ბერ დიაკონი - მარკოზი;
ბერ დიაკონი - ნაზარი;
ბერ მონოზონი - პავლე;
ბერ მონოზონი - დიონისე;
ბერ მონოზონი - აბო;
ბერ მონოზონი - პაისი;
ბერ მონოზონი - თეოდოსი;