ზარზმის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნაწარმოებთაგანია. გამორჩეულია იგი თავისი მაღალი მხატვრული ღირსებებით, საშემსრულებლო ოსტატობით, იკონოგრაფიული მონაცემების სიმდიდრითა და თავისებურებებით.
ზარზმის "ღვთისმშობელი" ვერცხლისგან გამოჭედილი (მოოქრული) მოზრდილი ხატია, 80x64 სმ. წარმოდგენილია ღვთისმშობელი ყრმით, დედა-შვილური ალერსითა და სითბოთი გამსჭვალული, კარგად შეკრული და გამთლიანებული კომპოზიცია, გარშემო კი, ჩარჩოს არშიებზე - სიუჟეტური სცენები ქრისტეს და ღვთისმშობლის ცხოვრებიდან. ხატს მოჰყვა ვრცელი საქტიტორო წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ხატის შემწირველი არის "გლახაკი ეპრაქსია", დედა "ერისთავთ ერისთავისა მირიანისა და ხურციკისა" – ლაკლაკისძეთა საგვარეულოდან. მოხსენიებული არცერთი ისტორიული პირის ვინაობის დადგენა არ ხერხდება. მაგრამ მთელი ეს მოჭედილობა – ცალკეული კომპოზიციების აგებულება, ფიგურათა სწორი პროპორციული თანაფარდობა, სკულპტურულ ფორმათა პლასტიკური გამომსახველობა, პოზა და ჟესტიკულაცია, სხეულზე მარჯვედ მორგებული სამოსელი და მკაფიოდ გამოვლენილი სხეულის აღნაგობა, გულდასმით გამოყვანილი ყოველი დეტალი, ყოველი წვრილმანი – ყველაფერი ეს სრულად ასახავს XI ს. პირველი ნახევრის ქართველი ოქრომჭედლების შემოქმედებით აქტივობასა და მიღწევებს. ყველა ამ ნიშნით ზარზმის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ამ დიდი "სკულპტურული ეპოქის" პირველხარისხოვანი ძეგლების გვერდით დგას. ამავე ხანას უკავშირდება ზარზმის "ღვთისმშობელი" მოკრძალებული ორნამენტული მორთულობითაც, ქართული ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიითაც. რაც შეეხება იკონოგრაფიას, უწინარესად აღსანიშნავია ხატის ძირითადი კომპოზიცია. აქ წარმოდგენილი ღვთისმშობელი ყრმით "ელეუსას" სახელით ცნობილი ტიპის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია, ოქრომჭედლობის ძეგლებიდან ყოველ შემთხვევაში, ამასთან ამ ტიპის უკვე სავსებით დასრულებული ვერსიით. ზარზმის ღვთისმშობლის ხატს ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სპეციალისტები (უცხოელებიც), იკონოგრაფიულ მოტივებზე და დეტალებზე მსჯელობისას. ყურადღებას იპყრობს სიუჟეტური სცენებიც ხატის ჩარჩოზე. მაგ., "მირქმა" ცენტრში ანთებული სანთლით, დეტალი, რომელიც მთელ აღმოსავლეთ-ქრისტიანულ სამყაროში თითქოს არსად არის დაფიქსირებული. ანდა "ფერისცვალება", სადაც ზედა რეგისტრის სამივე ფიგურა (ქრისტე და წინასწარმეტყველნი) წრიული მოხაზულობის შარავანდედშია (მანდორლაში) მოქცეული. ან კიდევ მარიამის ცხოვრების ამსახველი სცენები ქვედა არშიაზე; მთელი ქართული ოქრომჭედლობიდან ეს ამ თემის ერთადერთი ნიმუშია.
ზარზმის ღვთისმშობლის ხატი ხშირად არის ჩართული ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ ზოგადი ხასიათის წიგნებშიც, სხვადასხვა კატალოგებშიც. ინტერესი ამ ხატის მიმართ, XX ს. დასაწყისიდან მოყოლებული, დღემდე არ განელებულა.
